Thursday, April 2, 2009

არასწორი კვების მნიშვნელობა სიმსივნეს ავითარებს


ფორთოხალი სწორი კვების სიმბოლოდაა მიჩნეული. მკვლევარებმა გამოავლინეს ქრონიკული დეგენარაციული დაავადებებისაგან, მათ შორის სიმსივნისაგან, ხმელთაშუაზღვის დიეტის დამცველი თვისებები. კვების ეს ფორმა გამოირჩევა ციტრუსების ჭარბი გამოყენებით და როგორც ვარაუდობენ, ეს განპირობებულია ციტრუსების ანტიოქსიდანტური მოქმედებით.
იტალიაში ჩატარდა კვლევა კვების ხასიათის ზეგავლენის გამოსავლენად იმ გარე ფაქტორებზე, რომლებიც აზიანებენ დნმ-ს. ეპიდემიოლოგ პაოლო ვინეისის თქმით, მისმა ჯგუფმა დაადგინა, რომ გენების მიერ მიყენებული ზიანი ნაკლებია იმ პირებში, რომლებიც მოიხმარდნენ ბეტა-კაროტინს, ვიტამინ E-ს და სხვ. ანტიოქსიდანტებს დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით სპეციფიკური გენეტიკური ნაკრების შემთხვევაში.
ოთხმოციან წლებში ბრიტანელი მეცნიერები დოლი და პიტოი დაინტერესდნენ კიბოს წარმოშობაზე გარე ფაქტორების (კვების ჩათვლით) ზეგავლენის საკითხით და დაადგინეს, რომ კიბოს განვითარების შემთხვევათა 35% დაკავშირებული იყო არასწორ კვებასთან. შემდგომი კვლევების საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუ მოსახლეობა უარს იტყვის კვების მავნე გადახრებზე (ცხიმების გადაჭარბებული რაოდენობა, ხილისა და ბოსტნეულის სიმცირე, ჭარბი ალკოჰოლი) და დაიცავს რეკომენდებულ რაციონს, კიბოთი დაავადების შემთხვევები შემცირდება 30%-ით. ამ მიმართულებით კვლევები კვლავ გრძელდება.
რეკომენდებული რაციონი გულისხმობს ბალანსირებულ კვებას, ხილის, ბოსტნეულის (განსაკუთრებით, მწვანილი) დიდი რაოდენობით მოხმარებას, ალკოჰოლის, ცხიმების (განსაკუთრებით, ცხოველური ცხიმები) ზომიერ მიღებას, შებოლილი და დამწნილებული საკვების შემცირებას, სხეულის წონის შენარჩუნებას.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ არასწორი კვების შემთხვევაში განსაკუთრებით მაღალია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ასევე მკერდის, ფილტვებისა და
შარდის ბუშტის სიმსივნეების განვითარების რისკი.






ჩიფსები, ნამცხვრები და ზეთისხილი შეიცავენ კანცეროგენებს!



საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების დაპარტამენტმა (აშშ) გამოაქვეყნა მონაცემები საკვებ პროდუქტებში აკრილამიდის შემცველობის შესახებ.
2002 წელს შვედი მეცნიერების კვლევის შედეგად ცნობილი გახდა 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, რომელშიც დაფიქსირდა კარცეროგენ აკრილამიდის უჩვეულოდ მაღალი დონე. ამ საკითხით სხვებიც დაინტერესდნენ.
ამჯერად მონაცემები წარმოდგენილი იქნა აშშ-ს ოფიციალური მაკონტროლებელი სტრუქტურის მიერ. სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ მსუბუქი საუზმეები შემწვარი სახით (მაგ. კარტოფილის «ჩიფსები»), განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აკრილამიდებს შეიცავენ. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი კონცენტრაციით აღმოჩნდა სხვა პროდუქტებშიც, კერძოდ, ზოგიერთი სახის ნამცხვარში, გაუცრელი ფქვილისაგან დამზადებულ კრეკერებში, ბატატში, მინის ჭურჭელში დაცულ ზეთისხილში, ქლიავის წვენში და სხვ. კანცეროგენები ნაკლები რაოდენობით აღინიშნა არაქისის ზეთსა და შოკოლადში. კანცეროგენები არ აღმოჩნდა ხილსა და ბოსტნეულში, ასევე ბავშვებისათვის განკუთვნილ ნარევებში, გამდნარ ყველში, რძესა და ნაყინში.
როგორც აღნიშნავენ, აკრილამიდი შეიძლება წარმოიქმნას მაღალ ტემპერატურაზე შემწვარ ან გამომცხვარ კრახმალის შემცველ პროდუქტებში. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს დემონსტრირებული იყო აკრილამიდის შესაძლო კარცეროგენული და მუტაგენური მოქმედება. ასევე აღინიშნა მისი ნეიროტოქსიკური ზეგავლენა ადამიანზე.
ექსპერტების აზრით, უსაფრთხო კვების პროდუქტების სწორად შერჩევის მიზნით აღნიშნული კვლევები საჭიროებენ შემდგომ გაგრძელებას.




შავი შოკოლადი – სასარგებლო პროდუქტი

შავი შოკოლადი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე რძიანი, რადგან ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობით შემცველობის გარდა, ის ამცირებს ტკბილი, მარილიანი და ცხიმიანი პროდუქტების მიღების სურვილს, დაადგინეს დანიელმა მეცნიერებმა.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მედიკოსების აზრით, შავი შოკოლადის მიღება შესაძლოა იქცეს სადღესასწაულო დღეებში წონის შენარჩუნების ეფექტურ საშუალებად. აღმოჩნდა, რომ შავი შოკოლადი უფრო მეტად უზრუნველყოფს დანაყრებას, ვიდრე რძიანი.
იმისათვის, რომ შეედარებინათ ორივე ტიპის შოკოლადის ეფექტი მადაზე და განესაზღვრათ კალორიების შემდგომი მოხმარება, მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 16-მა ახალგაზრდა, ჯანმრთელმა მამაკაცმა, სხეულის ნორმალური მასით. ისინი დაყვეს ორ ჯგუფად. მოხალისეები 12 საათის განმავლობაში არ ღებულობდნენ არანაირ საკვებს, ხოლო შემდეგ მათ აძლევდნენ 100 გრამ შოკოლადის ფილას, რომელიც უნდა მიეღოთ 15 წუთის განმავლობაში.
პირველ ჯგუფს მისცეს რძიანი შოკოლადი, ხოლო მეორეს – კაკაოს მაღალი შემცველობის მქონე, შავი შოკოლადი. ორივე ტიპის შოკოლადის კოლორიულობა პრაქტიკულად ერთნაირი იყო. შემდგომი 5 საათის განმავლობაში დიეტოლოგები ყოველ ნახევარ საათში აკონტროლებდნენ მადას, შიმშილის გრძნობას, დანაყრების შეგრძნების დონეს და სხვა საკვები პროდუქტების მიღების სურვილს.
ორსაათნახევრის გასვლის შემდეგ მამაკაცებს მისცეს პიცა, რომელიც მათ უნდა მიეღოთ იმ რაოდენობით, სანამ ისინი თავს კომფორტულად არ იგრძნობდნენ. აღმოჩნდა, რომ მეორე ჯგუფის წარმომადგენლებმა უფრო ნაკლები რაოდენობით მიიღეს ის და უფრო სწრაფადაც დაკმაყოფილდნენ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შავი შოკოლადი 15%-ით ამცირებს კალორიების მოხმარებას და საკონდიტრო ნაწარმის, აგრეთვე მარილიანი და ცხიმიანი პროდუქტების მიღების სურვილს.
ამგვარად, ანტიოქსიდანტური ნაერთების და ჯანსაღი ცხიმოვანი მჟავების გარდა, შავ შოკოლადს გააჩნია მადის კონტროლის და მავნე საკვების მიღების სურვილის დაქვეითების უნარი, დაასკვნეს დიეტოლოგებმა.




გაზიანი სასმელების მოყვარული ქალები იღუპავენ თირკმლებს

ქალებში, რომლებიც სვამენ დღეში 2 ქილაზე მეტ გაზიან სასმელს, ორჯერ უფრო ხშირად აღინიშნება თირკმლის დაავადებები, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მინერალურ სასმელებს ან წვენებს.

მკვლევარებმა გააანალიზეს 9000-ზე მეტ პირის კვების რაციონი და შარდის ნიმუშები და დაადგინეს, რომ იმ ქალებში, რომლებიც ხშირად იყენებდნენ ტკბილ სასმელებს მაღალი იყო თირკმლების დისფუნქციის განვითარების რისკი.

მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ სოდიანი სასმელების ხშირი მოხმარება იწვევს ალბუმინურიას - ცილების მაღალ კონცენტრაციას, რომლის გადამუშავებას თირკმლები ვერ ახერხებენ.

Loyola University-ის (აშშ) მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პლანეტის მოსახლეობის 11%-ს აღენიშნება ალბუმინურია, ხოლო გაზირებული სასმელის მოყვარულთა შორის თირკმლების დაავადებებისადმი განწყობა მატულობს 17%-მდე.

მედიკები ასევე აღნიშნავენ, რომ თირკმლის დაავადებებთან ერთად, უკანასკნელ წლებში მკვეთრად იმატა შაქრიანი დიაბეტისა და ჭარბი წონის შემთხვევებმა, რასაც ექიმები უკავშირებენ ფრუქტოზის გადაჭარბებულ გამოყენებას გაზირებული სასმელების უმრავლესობის დამზადებისთვის. მაგრამ გაზირებული სასმელის მთავარი ”დანაშაული” შაქრის რაოდენობაშია და არა მის ტიპში, რადგან ადამიანები სვამენ ძალიან ბევრ მსგავს ტკბილ სასმელს.

ქალებში თირკმლის დაავადებები ისეთი სიმპტომებით ვლინდება, როგორიცაა მომატებული დაღლილობა, ცუდი მადა, ძილის დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები, ძვლების დასუსტება და კიდურების შეშუპება. გარდა ამისა, თირკმლების მუშაობის დარღვევა ხელს უწყობს ჰიპერტონიის, ანემიის, ნერვული სისტემის მუშაობის დაზიანების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დისფუნქციის განვითარებას.



ლეგენდარული სასმელის დაბადება

Coca Colas ისტორია 1885 წელს იწყება, სწორედ ამ დროს კოლუმბუსში, ჯორჯიის შტატში, ადგილობრივი აფთიაქის მეპატრონე ჯონ პემბერტონი კოკაინის ღვინის გამოყვანით იყო დაკავებული. მაშინ კოკაინი სულაც არ იყო აკრძალული და აშშ-ს მოსახლეობაც მას დასვენებისთვის მიმართავდა, უფრო მეტიც, კოკას ფოთლებზე დაყენებული ღვინოები დიდი წარმატებით სარგებლობდა, სწორედ ამ სახით დაიბადა კოკა-კოლას წინაპარი - ”პემბერტონის, კოკაინის ფრანგული ღვინო.” სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა «Coca-Cola», რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია.
კოკა-კოლას უმთავრესი ინგრედიენტი იყო:კოკაინის ფოთლების სამი ნაწილი მცენარე კოლას თხილის ერთ ნაწილზე.
(კოკაინის ხე, კოკა (Erythroxylon coca), ტროპიკული მცენარე ერითროქსილონისებრთა ოჯახისა. 1-3, ზოგჯერ 5 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. აქვს ფართოელიფსური ან უკუკვერცხისებრი ფოთოლი. წვრილი მოყვითალო-თეთრი ყვავილები. სამშობლოდ პერუ და ბოლივია ითვლება. ველურად თითქმის აღარ გვხვდება. კულტივირებულია სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის ტროპიკებში. ფოთლები შეიცავს კოკაინს (1,3%-მდე) და სხვა. ალკალოიდებს. ერთი ბუჩქიდან წლის მანძილზე 5 კგ-მდე მშრალი ფოთლის მიღება შეიძლება.)
თავიდან კოკა-კოლას ყოველ დღე ყიდულობდა საშუალოდ სულ 9 ადამიანი. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან კოკა-კოლა პოპულალური გახდა. 1888 პემბერტონმა ბრენდი გაყიდა და 1892 აცა გიგ ქენდლერმა დააარსა კომპანია «კოკა-კოლა» («The Coca-Cola Company»).
საყოველთაოდ გავრცელებული სასმელის, კოკა-კოლას, დაბადება მარტივი შეცდომის შედეგია. 1886 წელს ფარმაცევტმა ჯონ ჰამბერტონმა დაამზადა მიქსტურა მატონიზებული თვისებების მქონე სამხრეთამერიკული მცენარის კოკას ფოთლების ნაყენისა და აფრიკული კაკლის, კოლასაგან.
ფარმაცევტმა გასინჯა გამზადებული მიქსტურა და მოეწონა. მისი უცნაური გემო, მისი აზრით ეს ვაჟინი დაეხმარებოდა ადამიანს კბილის ტკივილის, სტრესისა და დაღლილობისაგან თავისი დასაღწევად. ჰამბერტონმა ვაჟინი მიიტანა ქ. ატლანტის ყველაზე დიდ აფთიაქში. იმ დღესვე თითო ჭიქა 5 ცენტად გაიყიდა. ამას მოჰყვა კიდევ ერთი დამთხვევა. გამყიდველს, რომელიც ვაჟინას წყლით აზავებდა, შეეშალა ონკანები და ჩვეულებრივის ნაცვლად გაზიანი წყალი ჩაასხა. ასეთი გაზით მიღებული ნაზავი იქცა კოკა-კოლად.
თავდაპირველად კოკა-კოლა დიდი მოწონებით არ სარგებლობდა, წარმოების პირველ წელს ჰამბერტონმა მხოლოდ 50 დოლარის კოკა-კოლა გაყიდა. ამჟამად კი ამ სასმელს მსოფლიოს 200 ქვეყანაში სიამოვნებით მიირთმევენ.


6 მიზეზი, რატომ არ უნდა დალიოთ ლუდი

მოდის ზაფხული. ლუდის სარეკლამო კამპანიები სულ უფრო ინტენსიური ხდება, შესაბამისად დღითი დღე იზრდება მისი მომხმარებლების რიცხვი. ლუდის მომხრეები ამტკიცებენ, რომ იგი სასარგებლო სასმელია (ქერი შეიცავს საჭირო ცილებსა და ნახშირწყლებს) და ნაკლებად ალკოჰოლური. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ლუდს სიამოვნების მოტანასთან ერთად შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეგვიქმნას.
კუჭი
ყველაფრის მიუხედავად ლუდში მაინც არის ეთილის სპირტის გარკვეული რაოდენობა, ზოგიერთ სახეობაში კი ის 10-14%-საც კი აღწევს, ანუ ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით ერთი ბოთლი ლუდი უტოლდება 50-100გრ არაყს. გარდა ამისა, იგი აძლიერებს დუღილის პროცესს კუჭში, რის გამოც აღიზიანებს მის ლორწოვანს. ამ ქაფიანი სასმელის რეგულარული მიღებისას კუჭის კედლების ლორწოვანში არსებული ჯირკვლები თავიდან აძლიერებს ლორწოს გამოყოფას, ხოლო შემდეგ კი განიცდის ატროფიას. ხდება ან საკვების შეჩერება კუჭში ან არ ხდება მისი სრულად მონელება და ასეთ მდგომარეობაში გადადის ნაწლავებში. ამას მოსდევს შეკრულობა და გასტრიტი.
ღვიძლი
ალკოჰოლი ღვიძლის მთავარი მტერია. ხდება მისი ანტიტოქსიური ფუნქციის გაუარესება. ის აღარ არის საიმედო ბარიერი ძლიერმოქმედი და შხამიანი ნივთიერებებისათვის. ლუდის ზედმეტი მოხმარება ხელს უწყობს ანთებითი პროცესების განვითარებას და შეიძლება ჰეპატიტი გამოიწვიოს. ლუდით გამოწვეული ქრონიკული ჰეპატიტი მიმდინარეობს ფარულად, მკაფიოდ გამოხატული სიმპტომების გარეშე. თუ დროულად არ შევჩერდით, შეიძლება ღვიძლის ციროზამდეც კი მივიდეთ.
ლუდის რეგულარული მოხმარება ასევე აზიანებს კუჭქვეშა ჯირკვალსაც: ხდება ფერმენტების გამოყოფის დათრგუნვა, რაც აუარესებს საკვები ნივთიერებების ბუნებრივ მონელებას.
თირკმელები
თირკმელების მთავარი ფუნქციაა ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნება. ისინი მონაწილეობენ ორგანიზმის წყალ-მარილოვანი და მჟავა-ტუტე შემადგენლობის ბალანსის შენარჩუნებაში. ლუდი არღვევს სწორედ ამ ბუნებრივ პროცესებს, აიძულებს რა თირკმელებს გასამმაგებული ძალით მუშაობას. ადგილი აქვს სპირტის მიერ თირკმელების ქსოვილზე გამაღიზიანებელ მოქმედებას და ფილტრაციული პროცესების გაძლიერებას, რასაც შედეგად მოსდევს პოლიურია - გაძლიერებული შარდვა. ხდება მიკრო- და მაკროელემენტების, განსაკუთრებით კალიუმის, მაგნიუმისა და С ვიტამინის კარგვა. კალიუმის დეფიციტი იწვევს არითმიების განვითარებას, ტკივილს კანჭის კუნთებში, სისუსტეს ქვედა კიდურებში.
მაგნიუმის დეფიციტის გამო ადამიანი ხდება გაღიზიანებული, ხშირად ტირის, ცუდად ძინავს. С ვიტამინის ნაკლებობის გამო ქვეითდება იმუნიტეტი, ადამიანი ხშირად ცივდება. ლუდის ალკოჰოლიზმის ფონზე ადგილი აქვს თირკმლის სისხლძარღვების სკლეროზს, სისხლჩაქცევას თირკმელში, თირკმლის ინფარქტს, შემდგომში ხდება თირკმლის ქსოვილის ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით, თირკმლის შეჭმუხვნა.
გული
ლუდი შეიწოვება ძალიან სწრაფად, ამიტომაც სისხლძარღვები მომენტალურად გადაივსება. თუკი თქვენ ხშირად სვამთ დიდი რაოდენობით ლუდს, ეს იწვევს ვენების ვარიკოზულ გაგანირებას და გულის ზომებში მომატებას. რენტგენოლოგები ამას ეძახიან ”ლუდის გულს” ან ”ხარის გულს”. ეს ძირითადი ორგანო ხდება მოდუნებული, გარედან ცხიმით იფარება. ხდება გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა, არითმიის განვითარება, წნევის მომატება. ხოლო შეკუმშვის ძალის დაქვეითება და გულის ზომებში მომატება კი იწვევს შემდგომში გულის უკმარისობის გნვითარებას. ორჯერ იზრდება ინსულტით გამოწვეული სიკვდილობაც.
ჰორმონალური ცვლილებები
ლუდი შეიცავს ფიტოესტროგენს - ეს არის ბუნებრივი ჰორმონის პროგესტერონის მცენარეული ანალოგი. ამტომაც მის სისტემატურ მოხმარებას დისონანსი შეაქვს ენდოკრინული სისტემის მუშაობაში.
მამაკაცებში ლუდი თრგუნავს ტესტოსტერონის გამომუშავებას. ამ ფონზე ხდება ქალური ჰორმონების დომინირება, იცვლება მამაკაცის გარეგნული იერ-სახე, მცირდება თმიანობა, კუნთოვანი მასა, იზრდება სარძევე ჯირკვლები, იცვლება ხმის ტემბრი, ჩნდება ”ლუდის ღიპი”, ხდება ცხიმის დაგროვება წელისა და თეძოების მიდამოში. რასაკვირველია, ჰორმონალურ ცვლილებებს მოსდევს სქესობრივი დისფუნქციაც.
ლუდი იწვევს ალოკოჰოლიზმს
შეცდომაა, თითქოს ნაკლებად ალოკოჰოლური ლუდი არ იწვევს შეჩვევას. სამედიცინო ტერმინიც კი არსებობს: ლუდის ალკოჰოლიზმი. არყისაგან განსხვავებით, ის 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვითარდება და დალევის სურვილიც ბევრად უფრო მძაფრია. მის დალევას არ სჭირდება სუფრის გაშლა, შეიძლება მარტომ დალიო ქუჩაში ან სახლში, ტელევიზორის წინ მოკალათებულმა.
ნარკოლოგიის თვალსაზრისით, ლუდით გამოწვეული ალოკოჰოლიზმი მკურნალობას ძნელად ექვემდებარება და მასთან ბრძოლა ბევრად უფრო რთულია. ასეთი ადამიანები ძალზედ იშვიათად აკითხავენ ფსიქიატრებსა და ნარკოლოგებს. ისინი უფრო ხშირად მიმართავენ თერაპევტებს გულთან, თირკმელებთან ან ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რომელთა მიზეზიც ერთია - ლუდის გადაჭარბებული მოხმარება.




გახსოვდეთ:
• ლუდის დადებითი თვისებები ვლინდება მხოლოდ მისი ზომიერი მოხმარების დროს, თუმცა კათხების რაოდენობის განსაზღვრა ძალიან რთულია და ინდივიდუალურია. არ დაგავიწყდეთ, რომ ხდება თანდათანობით შეჩვევა, ნარკოტიკული ლტოლვის მსგავსად, ლუდის დალევის სურვილი ხდება სულ უფრო ხშირი, ასევე იზრდება კათხების რაოდენობაც.
• თუ ადამიანი სვამს ერთ ლიტრზე მეტს დღეში, ხშირად იკრიბება მეგობრებთან ერთად ლუდის დასალევად, ღიზიანდება, თუკი არ სვამს, უჩივის ჯანმრთელობას, უჩნდება ”ლუდის მუცელი”, აქვს პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები, არ შეუძლია დაძინება ლუდის გარეშე - ეს ნიშნავს, რომ საჭიროა განგაშის ატეხა.

თქვენ თვითონაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ახლობელს:
• არ გაჩუმდეთ. მოიკრიბეთ მოთმინება და დაელაპარაკეთ მას პირადად. აუხსენით, რომ ზოგადად სპირტიანი სასმელის წინააღმდეგი კი არ ხართ, არამედ დიდი რაოდენობით სასმელის მძიმე შედეგების გეშინიათ და მოუყევით ამ შედეგების შესახებ. გაარკვიეთ, ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა, რაც უბიძგებს მას ლუდის ხშირი მოხმარებისაკენ და დაეხმარეთ მის მოგვარებაში.
• ეცადეთ, დააინტერესოთ სხვა რამით. წადით თეატრში, კინოში, იმოგზაურეთ, იარეთ ერთად სპორტულ დარბაზში;
• მიმართეთ ეშმაკობას. შეეცადეთ გააკეთოთ ისე, რომ იშვიათად შეხვდეს თავის ”ლუდის მეგობრებს”;
• გარისკეთ, წაუყენეთ ულტიმატუმი: ”ან მე ან სასმელი!”, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ;
• დაითანხმეთ, წამოგყვეთ ექიმთან - ნარკოლოგთან ან ფსიქოლოგთან. რასაკვირველია ძნელია დაყოლიება, მაგრამ მხოლოდ თქვენი დახმარებით და ზრუნვით შეძლებთ ერთად დაძლიოთ ეს სეროზული პრობლემა.